ნანოტექნოლოგია — ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერებისა და ტექნიკის დისციპლინათშორისი სფერო, რომელიც საგნების ატომურ და მოლეკულურ დონეზე მანიპულირების მეთოდებსა და ხერხებს შეისწავლის. ზოგადად ნანოტექნოლოგია იკვლევს სტრუქტურებს, რომელთა ზომა 100 ნანომეტრს არ აღემატება და მოიცავს მასალებისა და მოწყობილობების შემუშავებას ამ ზომის ფარგლებში. ნანოტექნოლოგია უკიდურესად მრავალფეროვანია და მოიცავს, როგორც არსებული მოწყობილობების ახლებურად აწყობის საშუალებებს, ისე სრულიად ახალი მასალების შექმნას ნანოსკალის დონეზე.
ნანოტექნოლოგიას აქვს პოტენციალი შექმნას მრავალი ახალი მოწყობილობა, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნებამედიცინაში, ელექტრონიკასა და ენერგეტიკაში. თუმცა ამასთან ნანოტექნოლოგია ბადებს კითხვებს მის შესაძლო უარყოფით გავლენაზე ეკოლოგიაზე ან/და გლობალურ ეკონომიკაზე. შესაბამისად, მიმდინარეობს დებატები იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია ამ სფეროს სპეციალური რეგულირება.
1959 წელს ამერიკელმა ფიზიკოსმა რიჩარდ ფეინმანმა თავის მოხსენებაში რომელიც ცნობილია სახელით ”იქ ქვევით საკმარისი ადგილია” პირველად წამოაყენა მოსაზრება რომ შესაძლოა ატომების გადაადგილება მექანიკურად, მანიპულატორების საშუალებით. ითვლება რომ ეს იყო პირველი ნაბიჯი ნანოტექნოლოგიის განვითარებაში.
ტერმინი ნანოტექნოლოგია პირველად 1974 წელს გამოიყენა ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორმა ნორიო ტანიგუჩიმ. მან ამ ტერმინით განსაზღვრა რამოდენიმე ნანომეტრის ზომის ობიექტის შექმნა.

No comments:
Post a Comment